იყო და არა იყო რა, იყო ერთი კომბლე, ჰყავდა სამი ცხვარი. ერთხელ ცხვრები ტყეში აკრიფა, თვითონ თავი გაანება, დაჯდა და კომბლებს დაუწყო კეთება.
კაცებმა ჰკითხეს:
– კომბლე, რა სულ კომბლებს აკეთებო?
კომბლემ უპასუხა:
– მე ეს ხელობა ვიცი და ამან უნდა მაცხოვროსო.
გააკეთა კომბლები და ადგა, გაიდო ერთი დიდი კომბალი მხარზე და წავიდა ცხვრების საძაბნელად. მიადგა ერთი მგლის სოროს და დაუძახა.
– შენ შეჭამე ჩემი ცხვრებიო?
– არაო, - უპასუხა მგელმა.
– აბა პირი დააღე, კბილებში დაგრჩენია ხორციო.
მგელმა უთხრა:
– ოღონდ ნუ მომკლავ და ბედსა გწევო.
– რა ბედსა? - ჰკითხა კომბლემ.
– აგე, აქ მეცხვარეებს ბევრი ცხვარი ჰყავთ, იმ ცხვრებში ერთი ოქროს ბატკანი ურევია, იმ ოქროს ბატკანს მე მოვიტაცებ და სულ ყველანი მე ამედევნებიან, შენ მოუარე და ცხვრები გარეკეო, უთხრა მგელმა.
მგელი წავიდა და მოიტაცა ოქროს ბატკანი. მართლაც სულ ყველა მწყემსი იმას დაედევნა. მოუარა კომბლემ ცხვრებს და გარეკა.
კომბლეს გზაზე კაცები შემოხვდნენ და ჰკითხეს:
– კომბლე, შენ სამი ცხვარი გყავდა, აგრე როგორ გაამრავლე ერთ თვეშიო?
კომბლემ უპასუხა:
– ტყეში გავუშვი და გამრავლებულანო.
იმათაც იყიდეს სამი ცხვარი, გაანებეს ტყეში თავი და წამოვიდნენ შინ. ერთი თვის შემდეგ წავიდნენ საძებნელად, ცხვრები უნდა ეპოვნათ, მაგრამ ცხვრები მგელს შეექამა.
წამოვიდნენ შინ და თქვეს:
– რა ვუყოთ კომბლესაო?
– სახლი დავუწვათო.
დაუწვეს სახლი.
კომბლემ გაანელა ცეცხლი და აიღოერთი საცალო ნახშირი, დაახურდავა სამი მანეთი და თავზე გადააშალა ნახშირს. მოუკრა პირი, აიკიდა საცალო და წაიღო. მივიდა ერთ სალაროსთან და უთხრა ყარაულს:
– ამაღამ აქ დამაყენეთ და ეს საცალოც შემინახეთო.
– დადექიო, - უთხრა ყარაულმა.
იმ ღამეს იქ იყო. გათენდა დილა და ეუბნება კომბლე სალაროს ყარაულს:
– ჩემი საცალო მომეცითო!
მოუტანეს საცალო, კომბლემ გახსნა და ნახა, შემდეგ შარი მოუდო:
– მე საცალო ფულით სავსე მქონდა, თქვენ კი ნახშირი ჩაგიყრიათ და ზევიდან თეთრი ფული გადაგიშლიათო; თუ მომცემთ, მომეცით, თუ არა და წავალ ხლმწიფესთან და გიჩივლებთო.
– ოღონდ ნუ გვიჩივლებ ხელმწიფესთან და საცალოს ფულით აგივსებთ და გაგატანთო, - უთხრეს ყარაულებმა.
აუვსეს საცალო ფულით და გაატანეს.
კომბლემ მოიტანა შინ ფული.
კაცებმა ჰკითხეს:
– კომბლე, შენ ნახშირი წაიღე და ფული როგორ მოიტანეო.
– სახლი დავწვი, ნახშირი გავაქრე, წავიღე და ფულზე გავცვალეო.
დაწვეს თავიანთი სახლები იმათაც, აიღეს ნახშირი, ჩაყარეს საცალოებში, დაჰქონდათ სოფელში და იძახდნენ:
– ნახშირი ფულზედაო!
ნახშირზე ფულს ვინ გაუცვლიდა და რაკი არავინ გაუცვალა, წამოვიდნენ შინ და თქვეს:
– რა ვუყოთ კომბლედაო?
– ცოლი მოვუკლათო.
მოუკლეს ცოლი.
კომბლემ წამოიღო თავისი მკვდარი ცოლი და მივიდა ერთ კაცთან. ამ კაცსჰყავდა სამი ქალი, ძალიან კარგები.
კომბლემ უთხრა:
– ამაღამ აქ დამაყენეო!
– დადექიო!
თავისი მკვდარი ცოლი იქით მიაყუდა და თვითონ მივიდა.
– იქ ვინღა დადგაო? - ჰკითხეს.
– ჩემი ცოლია, ჭკვიანია, რცხვენია და იქ დადგაო. წადით, ხელი მოსჭიდეთ და წამოიყვანეთო.
წავიდა ერთი ქალი, ხელი მოსჭიდა – და მკვდარი დადაიქცა. ქალი მამასთან მივიდა და უთხრა:
– ხელი მოვსჭიდე, გადაიქცა და მოკვდაო.
წამოხტა კომბლე და დაიწყო ყვირილი.
– ჩემი ცოლი ცოცხალი იყო, რად მომიკალით; თუ მომცემთ, მომეცით ერთ-ერთი ქალი, თუ არა და წავალ ხლმწიფესთან და გიჩივლებთო.
– ოღონდ ნუ გვიჩივლებ ხელმწიფესთან და აი ამ სამ ქლს დავამწკრივებ და რომელიც გინდა წაიყვანეო.
დამწკრივდნენ სამთავე ქალები და კომბლეს რომელიც მოეწონა, აიყვანა და წაიყვანა.
შინ რომ მიიყვანა ქალი, ჰკითხეს:
– კომბლე, შენ მკვდარი ქალი წაიღე და ცოცხალი ვინ მოგცაო?
– მკვდარს ცოცხალზე ცვლიანო, - უპასუხა კომბლემ.
იმათაც დახოცეს თავიანთი ცოლები, წაიღეს სოფლებში და იძახიან:
– მკვდარი ცოცხალზედაო.
მკვდარზე ცოცხალი მათ არავინ არ გაუცვალა, წამოვიდნენ შინ და თქვეს
– რა ვუყოთ კობლესაო?
– მოვკლათო.
წამოვიდნენ, კომბლე უნდა მოეკლათ. კომბლემ უთხრა:
– ოღონდ ახლა ნუ მომკლავთ და მე თვითონ მოგაკვლევინებთ ჩემ თავსაო.
წავიდა კომბლე მინდორში, გაჭრა ამი თხრილი, მერე წამოიყვანა ორი კაცი და თან ხმლები წამოაღებინა. შუა თხრილში კომბლე დადგა, იქით-აქეთ კი ის კაცები დააყენა, ხმლები დააჭერინა და უთხრა:
– როცა დავიყვირო, მაშინ შემომკარით ხმლებიო.
უცებ დაიყვირა და თვითონ თხრილში ჩახტა.
მათი ხმლები ერთმანეთს მოხვდა და ორივენი დაიხოცნენ, კომბლე კი მშვიდობით გადარჩა.