იყო ერთი ჩიტი-ჩიორა, ტყეში ერთი მოხერხებული ალაგი იპოვა და ბუდე გაიკეთა. მერე შიგ ჩაჯდა და სამი კვერცხი დადო. სამ კვირაში გამოჩეკა პატარა ჩიორები. დედა თავის შვილებს უზიდავდა კალიებს, პეპლებს, ბუზებს, აჭმევდა და ზრდიდა.
დიდ სიხარულში იყო ჩიორა. ჩქარა დავაფრენ ჩემს ბარტყებსო. მაგრამ მალე უბედურება ეწვია. წყეულმა მელიამ ბუდეს მიაგნო, ხის ძირში მიცუნცულდა და ჩიორას შესძახა:
- ჩიტო, ჩიტო, ჩიორაო!
- რაო, ბატონო მელაო?
- ერთი ბარტყი გადმომიგდე,
თორემ შავ დღეს დაგაყენებ:
ცულს მოვიტან, ცუნცულასა,
ხელეჩოს და წალდუნასა,
ხესაც მოვჭრი, ხის ძირსაცა,
შენც შეგჭამ და შენს შვილსაცა!
შეეშინდა საწყალ ჩიორას. აიყვანა ერთი ბარტყი და გადმოუგდო მელიას. მელიამ პირი დაავლო, ბუჩქებში გაარბენინა და გადაყლაპა. მეორედ კიდევ მიირბინა და შესძახა:
- ჩიტო, ჩიტო, ჩიორაო!
- რაო, ბატონო მელაო?
- ერთი ბარტყი გადმომიგდე,
თორემ შავ დღეს დაგაყენებ:
ცულს მოვიტან, ცუნცულასა,
ხელეჩოს და წალდუნასა,
ხესაც მოვჭრი, ხის ძირსაცა,
შენც შეგჭამ და შენს შვილსაცა!
დაღონებულმა ჩიორამ მეორე ბარტყიც აიყვანა და მელიას გადმოუგდო. მელიამ პირი სტაცა, ბუჩქებში გაარბენინა და გადაყლაპა. მესამედაც მიცუნცულდა მელია და ჩიტს შესძახა:
- ჩიტო, ჩიტო, ჩიორაო!
- რაო, ბატონო მელაო?
- ერთი ბარტყი გადმომიგდე,
თორემ შავ დღეს დაგაყენებ:
ცულს მოვიტან, ცუნცულასა,
ხელეჩოს და წალდუნასა,
ხესაც მოვჭრი, ხის ძირსაცა,
შენც შეგჭამ და შენს შვილსაცა!
მწარედ დაღონებულმა ჩიორამ მესამე ბარტყიც აიყვანა და მელიას გადმოუგდო. მელიამ გაარბენინა და ისიც სწრაფად გადაყლაპა.
უბედური ჩიტი აფრინდა და მოშორდა იმ არემარეს, შემოჯდა ერთ ხეზე მეტად დაღონებული. მონადირემ დაინახა და ჰკითხა:
-ეგრე მწარედ რამ დაგაღონა, ჩიორაო?
- აბა, წამოდი, მიჩვენე ის წყეული და მე გაყურებინებ მის სეირსაო!
- ჩიტი გაუძღვა მონადირეს და მელიასთან მიიყვანა. მონადირემ მელიას თოფი ესროლა, შიგ პირში მოარტყა და კბილები ჩააყრევინა. დანით გაუფატრა მუცელი, ბარტყები ამოიყვანა და ბუდეშივე ჩაუსვა გახარებულ ჩიორას.
No comments:
Post a Comment