Thursday, February 25, 2010

ჩიტი და მელია

იყო ერთი ჩიტი-ჩიორა, ტყეში ერთი მოხერხებული ალაგი იპოვა და ბუდე გაიკეთა. მერე შიგ ჩაჯდა და სამი კვერცხი დადო. სამ კვირაში გამოჩეკა პატარა ჩიორები. დედა თავის შვილებს უზიდავდა კალიებს, პეპლებს, ბუზებს, აჭმევდა და ზრდიდა.

დიდ სიხარულში იყო ჩიორა. ჩქარა დავაფრენ ჩემს ბარტყებსო. მაგრამ მალე უბედურება ეწვია. წყეულმა მელიამ ბუდეს მიაგნო, ხის ძირში მიცუნცულდა და ჩიორას შესძახა:

- ჩიტო, ჩიტო, ჩიორაო!

- რაო, ბატონო მელაო?

- ერთი ბარტყი გადმომიგდე,

თორემ შავ დღეს დაგაყენებ:

ცულს მოვიტან, ცუნცულასა,

ხელეჩოს და წალდუნასა,

ხესაც მოვჭრი, ხის ძირსაცა,

შენც შეგჭამ და შენს შვილსაცა!

შეეშინდა საწყალ ჩიორას. აიყვანა ერთი ბარტყი და გადმოუგდო მელიას. მელიამ პირი დაავლო, ბუჩქებში გაარბენინა და გადაყლაპა. მეორედ კიდევ მიირბინა და შესძახა:

- ჩიტო, ჩიტო, ჩიორაო!

- რაო, ბატონო მელაო?

- ერთი ბარტყი გადმომიგდე,

თორემ შავ დღეს დაგაყენებ:

ცულს მოვიტან, ცუნცულასა,

ხელეჩოს და წალდუნასა,

ხესაც მოვჭრი, ხის ძირსაცა,

შენც შეგჭამ და შენს შვილსაცა!

დაღონებულმა ჩიორამ მეორე ბარტყიც აიყვანა და მელიას გადმოუგდო. მელიამ პირი სტაცა, ბუჩქებში გაარბენინა და გადაყლაპა. მესამედაც მიცუნცულდა მელია და ჩიტს შესძახა:

- ჩიტო, ჩიტო, ჩიორაო!

- რაო, ბატონო მელაო?

- ერთი ბარტყი გადმომიგდე,

თორემ შავ დღეს დაგაყენებ:

ცულს მოვიტან, ცუნცულასა,

ხელეჩოს და წალდუნასა,

ხესაც მოვჭრი, ხის ძირსაცა,

შენც შეგჭამ და შენს შვილსაცა!

მწარედ დაღონებულმა ჩიორამ მესამე ბარტყიც აიყვანა და მელიას გადმოუგდო. მელიამ გაარბენინა და ისიც სწრაფად გადაყლაპა.

უბედური ჩიტი აფრინდა და მოშორდა იმ არემარეს, შემოჯდა ერთ ხეზე მეტად დაღონებული. მონადირემ დაინახა და ჰკითხა:

-ეგრე მწარედ რამ დაგაღონა, ჩიორაო?

- აბა, წამოდი, მიჩვენე ის წყეული და მე გაყურებინებ მის სეირსაო!

- ჩიტი გაუძღვა მონადირეს და მელიასთან მიიყვანა. მონადირემ მელიას თოფი ესროლა, შიგ პირში მოარტყა და კბილები ჩააყრევინა. დანით გაუფატრა მუცელი, ბარტყები ამოიყვანა და ბუდეშივე ჩაუსვა გახარებულ ჩიორას.

წუნა და წრუწუნა

შემოდგომის თბილი დღე იდგა
თაგვებს ჭირნახული ჩაელაგებინა და მოცლილთ ლელობურთი გაეჩაღებინათ.
უშველებელ კაკალს ხან აქეთ ისროდნენ და ხან იქით, გადაჰქონდათ ორღობიდან ორღობეში, ბანიდან ბანზე, კორდიდან კორდზე. დიდი გნიასი და ჟრიამული იდგა. მაყურებელი შეძახილებით ამხნევებდა თავის გუნდს.

ბებერი თავადი თავის სასახლის აივანზე გამობრძანებულიყო და თვალს ადევნებდა თამაშს, თან გრძელ, ტარიან ყალიონს ნება-ნბა სრუტავდა.

ამ დროს მობურთალთა ზედახორა დადგა. ვინ არ ცდილობდა, ხელში ჩაეგდო კაკალი, მაგრამ ყველას გულადმა წრუწუნამ აჯობა, მოიტაცა კაკალი და წინ გაიჭრა. გონს მოსული მობურთალნი უკან დაედევნენ გაქცეულს.

მაყურებელი დაიძაბა, ღელავდა მშვენიერი წუნა. იგი სხვებთან ერთად დიდი კაკლის ქვეშიდგა და გულისფანცქალით ელოდა, რა მოხდებოდა.

წრუწუნას მეგობრები ამხნევებდნენ:

- არიქა, წრუწუნ, არ გაჯობონ!

- მიდი, წრუწუნ, მიდი!

ამ ყიჟინასა და შეძახილებში წრუწუნამ ლელო გაიტანა. ხალხმა შვებით ამოისუნთქა. ულშემატკივრები გამარჯვებულს შემოეხვივნენ, ხელში აიტაცეს, ულოცავდნენ, აქებდნენ.

დამარცხებულები დაღონდნენ.

წრუწუნამ კაკალი წუნას მიართვა, თაგუნა გაინაზა და გამარჯვებულს მოკრძალებით ჩამოართვა კაკალი.

აივანზე გადმომდგარმა ბებერმა თავადმა წუნას დანახვაზე თვალები დააჭყიტა - ეს რა კოხტა ვინმე ყოფილაო და მსახრს უბრძანა:

- ის ლამაზი თაგუნა აქ მომგვარეთო!..

წუნამ და წრუწუნამ ხელი ხელს ჩაჰკიდეს და წისქვილისკენ გადაუხვიეს როცა განმარტოვდნენ, წრუწუნამ წუნას გული გადაუშალა და სთხოვა. წუნამ თანხმობის ნიშნად თავი ნაზად დახარა.

მშობლებმა და ახლობლებმა დიდად გაიხარეს წუნას და წრუწუნას ბედნიერებით.

გაჩაღდა ქორწილი.

აჭყიპინდა ზურნა და გარმონი.

მოქეიფეთა სიმღერა ცასა სწვდებოდა.

ცეკვავდა ნეფე-დედოფალი, მათთან ერთად ცეკვავდნენ ყვავილები, ხეები, მთელი ქვეყანა - წუნას და წრუწუნას ბედნიერების სიხარულით ფეხზე აღარ იდგნენ.

ხმაურზე ბებერმა თავადმა სასახლის აივნიდან გადმოიხედა და იკითხა:

- რა ამბავიაო?!

- წუნას და წრუწუნას ქორწილიაო, - უპასუხეს მსახურებმა.

- ჰაიტ, თქვე არამზადებო, ხომ გითხარით, ის მშვენიერი თაგუნა მე მომგვარეთ-მეთქი! - იქუხა თავადმა.

გაიქცნენ დაფეთებული მსახურები, მექორწინეებს მიეოარნენ და კატასავით დაიკნავლეს. შიშით თავზარდაცემული თაგვები ფაცხა-ფუცხით გაიფანტნენ.წუნას გული შეუღონდა.

გულწასული პატარძალი წრუწუნამ ხელში აიტაცა და გაიქცა, მაგრამ წინ თავადის მსახურნი გადაეღობნენ და ლამაზიწუნა ნეფეს ხელიდან გამოსტაცეს, წრუწუნა კი ქვევრში ჩააგდეს. აურზაური როცა მიწყნარდა, თაგვები სამალავიდან გამოძვრნენ და მეგობრის საშველად მოცვივდნენ. ქვევრში კუდებით ჩაეკიდნენდა წრუწუნა ზევით ამოიყვანეს.

ლამაზი წუნა მსახურებმა ბებერ თავადს მიჰგვარეს.

სასოწარკვეთილ წრუწუნას თავისი ქალაქელი მეგობარი, მჭედელი ფიცხელა მოაგონდა და ქალაქისკენ მოჰკურცხლა. მიეჭრა მეგობარს და შესძახა:

- მიშველე, ფიცხელ, ვიღუპები, ბატონმა ქორწილიდან საცოლე მომტაცა! - წრუწუნა გულწასული დაეცა ფიცხელას ფერხთით.

ფიცხელამ მეგობარი ფეხზე წამოაყენა და უთხრა:

- ჩემი თავი მოგიკვდეს, თუ შენი საცოლე ხვალვე არ ჩაგაბარო.

იმ ღამეს ფიცხელამ და მისმა მეგობრებმა წრუწუნა, გულზე დარდის გადასაყრალად ტივზე მიიწვიეს და ლხინითა და ქეიფით ცდილობდნენ მის გართობას.

განთიადისას კი ყველანი თავადის სასახლის წინ იდგნენ და წუნას უმღეროდნენ.

ლამაზმა ტყვემ ცხრაკლიტულის ფენჯრიდან გადმოიხედა და წრუწუნა და მისი მხლებელნი რომ დაინახა, ხსნის იმედი მიეცა.

ამ დროს თავადი შევიდა წუნასთან და შეეცაა მიალერსებოდა, მაგრამ წუნამ ახლოს არ გაიკარა ბებერი თავადი, ხელი ჰკრა და თვადმა და მის დასახმარებლად შემოვარდნილმა მოურავმა იატაკზე მოადინეს ზღართანი.

უცებ, გაცხარებულ თავადს სიმღერა შემოესმა და ფიცხლავ გავარდა აივანზე.

- რაო, ვითომაო, რა გინდათ! - გადასძახა მომღერლებს.

ერთი ხანდაზმული სტუმარი წინ წამოდგა და თავადს თავაზიანად მოახსენა - ამაღამ ქორწილი გვაქვს და წრუწუნას საცოლე გაანთავისუფლეო.

თავადი აღშფოთდა - ეს როგორ გამიბედესო, სასწრაფოდ მოიხმო მსახურები და მთხოვნელთა გარეკვა ბრძანა.

მსახურებმა მოციქული პანღურით გააძევეს.

გაბრაზდა ფიცხელა და თავადს თვითონ ეწვია.

- გირჩევ ბატონო, პატარძალი დაგვიბრუნო, - გააფრთხილა ფიცხელამ თავადი, - თორემ რაც მოდება, საკუთარ თავს დააბრალე!

ბებერი თავადი გაჯიუტდა, მსახურსა და მოურავს უბრძანა დაუპატიჟებელი სტუმრი სახლიდან გაეგდოთ. მერე შინ შებრუნდა და ტკბილეულითა და ალერსით შეეცადა წუნას მოტყუებას, მაგრამ ამაოდ.

მთელმა სოფელმა სასახლესთან მოიყარა თავი. ხალხი ბობოქრობდა, თავადს ემუქრებოდა. ვინ ორთითით, ვინ - ხმლით, ვინ კიდევ კეტებით შეიარაღებულიყო და სასახლეზე მიიწევდა.

შეშინებულმა მსახურმა დაიყვირა:

- არიქა, ბატონო, თავს უშველე, მთელი სოფელი ჩვენზე სამტროდ ამხედრებულა!

- წუნა დამალეთ, ბიჭებს დამიძახეთ! - დაიღრიალა თავადმა.

სად იყო და სად არა - წრუწუნა და ფიცხელა თავიანთი რაზმით სასახლეში შეიჭრნენ.

გაჩაღდა ხელჩართული ბრძოლა.

თაგვებმა ბოროტი თავადის სასახლე დაარბიეს, პატარძალი წუნა ტყვეობიდან იხსნეს და სიმღერით წამოიყვანეს.

თავადი და მისი მსახურები კი სამაგალითოდ დასაჯეს.

მოდიოდა სოფლისკენ ბედნიერი ნეფე-პატარძალი, უკან გამარჯვებული მაყრიონი მოჰყვებოდა.

თაგვებმა ჩინებული ქორწილი გადაიხადეს, მათი მხიარულება ცას სწვდებოდა.