Thursday, February 25, 2010

ჩიტი და მელია

იყო ერთი ჩიტი-ჩიორა, ტყეში ერთი მოხერხებული ალაგი იპოვა და ბუდე გაიკეთა. მერე შიგ ჩაჯდა და სამი კვერცხი დადო. სამ კვირაში გამოჩეკა პატარა ჩიორები. დედა თავის შვილებს უზიდავდა კალიებს, პეპლებს, ბუზებს, აჭმევდა და ზრდიდა.

დიდ სიხარულში იყო ჩიორა. ჩქარა დავაფრენ ჩემს ბარტყებსო. მაგრამ მალე უბედურება ეწვია. წყეულმა მელიამ ბუდეს მიაგნო, ხის ძირში მიცუნცულდა და ჩიორას შესძახა:

- ჩიტო, ჩიტო, ჩიორაო!

- რაო, ბატონო მელაო?

- ერთი ბარტყი გადმომიგდე,

თორემ შავ დღეს დაგაყენებ:

ცულს მოვიტან, ცუნცულასა,

ხელეჩოს და წალდუნასა,

ხესაც მოვჭრი, ხის ძირსაცა,

შენც შეგჭამ და შენს შვილსაცა!

შეეშინდა საწყალ ჩიორას. აიყვანა ერთი ბარტყი და გადმოუგდო მელიას. მელიამ პირი დაავლო, ბუჩქებში გაარბენინა და გადაყლაპა. მეორედ კიდევ მიირბინა და შესძახა:

- ჩიტო, ჩიტო, ჩიორაო!

- რაო, ბატონო მელაო?

- ერთი ბარტყი გადმომიგდე,

თორემ შავ დღეს დაგაყენებ:

ცულს მოვიტან, ცუნცულასა,

ხელეჩოს და წალდუნასა,

ხესაც მოვჭრი, ხის ძირსაცა,

შენც შეგჭამ და შენს შვილსაცა!

დაღონებულმა ჩიორამ მეორე ბარტყიც აიყვანა და მელიას გადმოუგდო. მელიამ პირი სტაცა, ბუჩქებში გაარბენინა და გადაყლაპა. მესამედაც მიცუნცულდა მელია და ჩიტს შესძახა:

- ჩიტო, ჩიტო, ჩიორაო!

- რაო, ბატონო მელაო?

- ერთი ბარტყი გადმომიგდე,

თორემ შავ დღეს დაგაყენებ:

ცულს მოვიტან, ცუნცულასა,

ხელეჩოს და წალდუნასა,

ხესაც მოვჭრი, ხის ძირსაცა,

შენც შეგჭამ და შენს შვილსაცა!

მწარედ დაღონებულმა ჩიორამ მესამე ბარტყიც აიყვანა და მელიას გადმოუგდო. მელიამ გაარბენინა და ისიც სწრაფად გადაყლაპა.

უბედური ჩიტი აფრინდა და მოშორდა იმ არემარეს, შემოჯდა ერთ ხეზე მეტად დაღონებული. მონადირემ დაინახა და ჰკითხა:

-ეგრე მწარედ რამ დაგაღონა, ჩიორაო?

- აბა, წამოდი, მიჩვენე ის წყეული და მე გაყურებინებ მის სეირსაო!

- ჩიტი გაუძღვა მონადირეს და მელიასთან მიიყვანა. მონადირემ მელიას თოფი ესროლა, შიგ პირში მოარტყა და კბილები ჩააყრევინა. დანით გაუფატრა მუცელი, ბარტყები ამოიყვანა და ბუდეშივე ჩაუსვა გახარებულ ჩიორას.

წუნა და წრუწუნა

შემოდგომის თბილი დღე იდგა
თაგვებს ჭირნახული ჩაელაგებინა და მოცლილთ ლელობურთი გაეჩაღებინათ.
უშველებელ კაკალს ხან აქეთ ისროდნენ და ხან იქით, გადაჰქონდათ ორღობიდან ორღობეში, ბანიდან ბანზე, კორდიდან კორდზე. დიდი გნიასი და ჟრიამული იდგა. მაყურებელი შეძახილებით ამხნევებდა თავის გუნდს.

ბებერი თავადი თავის სასახლის აივანზე გამობრძანებულიყო და თვალს ადევნებდა თამაშს, თან გრძელ, ტარიან ყალიონს ნება-ნბა სრუტავდა.

ამ დროს მობურთალთა ზედახორა დადგა. ვინ არ ცდილობდა, ხელში ჩაეგდო კაკალი, მაგრამ ყველას გულადმა წრუწუნამ აჯობა, მოიტაცა კაკალი და წინ გაიჭრა. გონს მოსული მობურთალნი უკან დაედევნენ გაქცეულს.

მაყურებელი დაიძაბა, ღელავდა მშვენიერი წუნა. იგი სხვებთან ერთად დიდი კაკლის ქვეშიდგა და გულისფანცქალით ელოდა, რა მოხდებოდა.

წრუწუნას მეგობრები ამხნევებდნენ:

- არიქა, წრუწუნ, არ გაჯობონ!

- მიდი, წრუწუნ, მიდი!

ამ ყიჟინასა და შეძახილებში წრუწუნამ ლელო გაიტანა. ხალხმა შვებით ამოისუნთქა. ულშემატკივრები გამარჯვებულს შემოეხვივნენ, ხელში აიტაცეს, ულოცავდნენ, აქებდნენ.

დამარცხებულები დაღონდნენ.

წრუწუნამ კაკალი წუნას მიართვა, თაგუნა გაინაზა და გამარჯვებულს მოკრძალებით ჩამოართვა კაკალი.

აივანზე გადმომდგარმა ბებერმა თავადმა წუნას დანახვაზე თვალები დააჭყიტა - ეს რა კოხტა ვინმე ყოფილაო და მსახრს უბრძანა:

- ის ლამაზი თაგუნა აქ მომგვარეთო!..

წუნამ და წრუწუნამ ხელი ხელს ჩაჰკიდეს და წისქვილისკენ გადაუხვიეს როცა განმარტოვდნენ, წრუწუნამ წუნას გული გადაუშალა და სთხოვა. წუნამ თანხმობის ნიშნად თავი ნაზად დახარა.

მშობლებმა და ახლობლებმა დიდად გაიხარეს წუნას და წრუწუნას ბედნიერებით.

გაჩაღდა ქორწილი.

აჭყიპინდა ზურნა და გარმონი.

მოქეიფეთა სიმღერა ცასა სწვდებოდა.

ცეკვავდა ნეფე-დედოფალი, მათთან ერთად ცეკვავდნენ ყვავილები, ხეები, მთელი ქვეყანა - წუნას და წრუწუნას ბედნიერების სიხარულით ფეხზე აღარ იდგნენ.

ხმაურზე ბებერმა თავადმა სასახლის აივნიდან გადმოიხედა და იკითხა:

- რა ამბავიაო?!

- წუნას და წრუწუნას ქორწილიაო, - უპასუხეს მსახურებმა.

- ჰაიტ, თქვე არამზადებო, ხომ გითხარით, ის მშვენიერი თაგუნა მე მომგვარეთ-მეთქი! - იქუხა თავადმა.

გაიქცნენ დაფეთებული მსახურები, მექორწინეებს მიეოარნენ და კატასავით დაიკნავლეს. შიშით თავზარდაცემული თაგვები ფაცხა-ფუცხით გაიფანტნენ.წუნას გული შეუღონდა.

გულწასული პატარძალი წრუწუნამ ხელში აიტაცა და გაიქცა, მაგრამ წინ თავადის მსახურნი გადაეღობნენ და ლამაზიწუნა ნეფეს ხელიდან გამოსტაცეს, წრუწუნა კი ქვევრში ჩააგდეს. აურზაური როცა მიწყნარდა, თაგვები სამალავიდან გამოძვრნენ და მეგობრის საშველად მოცვივდნენ. ქვევრში კუდებით ჩაეკიდნენდა წრუწუნა ზევით ამოიყვანეს.

ლამაზი წუნა მსახურებმა ბებერ თავადს მიჰგვარეს.

სასოწარკვეთილ წრუწუნას თავისი ქალაქელი მეგობარი, მჭედელი ფიცხელა მოაგონდა და ქალაქისკენ მოჰკურცხლა. მიეჭრა მეგობარს და შესძახა:

- მიშველე, ფიცხელ, ვიღუპები, ბატონმა ქორწილიდან საცოლე მომტაცა! - წრუწუნა გულწასული დაეცა ფიცხელას ფერხთით.

ფიცხელამ მეგობარი ფეხზე წამოაყენა და უთხრა:

- ჩემი თავი მოგიკვდეს, თუ შენი საცოლე ხვალვე არ ჩაგაბარო.

იმ ღამეს ფიცხელამ და მისმა მეგობრებმა წრუწუნა, გულზე დარდის გადასაყრალად ტივზე მიიწვიეს და ლხინითა და ქეიფით ცდილობდნენ მის გართობას.

განთიადისას კი ყველანი თავადის სასახლის წინ იდგნენ და წუნას უმღეროდნენ.

ლამაზმა ტყვემ ცხრაკლიტულის ფენჯრიდან გადმოიხედა და წრუწუნა და მისი მხლებელნი რომ დაინახა, ხსნის იმედი მიეცა.

ამ დროს თავადი შევიდა წუნასთან და შეეცაა მიალერსებოდა, მაგრამ წუნამ ახლოს არ გაიკარა ბებერი თავადი, ხელი ჰკრა და თვადმა და მის დასახმარებლად შემოვარდნილმა მოურავმა იატაკზე მოადინეს ზღართანი.

უცებ, გაცხარებულ თავადს სიმღერა შემოესმა და ფიცხლავ გავარდა აივანზე.

- რაო, ვითომაო, რა გინდათ! - გადასძახა მომღერლებს.

ერთი ხანდაზმული სტუმარი წინ წამოდგა და თავადს თავაზიანად მოახსენა - ამაღამ ქორწილი გვაქვს და წრუწუნას საცოლე გაანთავისუფლეო.

თავადი აღშფოთდა - ეს როგორ გამიბედესო, სასწრაფოდ მოიხმო მსახურები და მთხოვნელთა გარეკვა ბრძანა.

მსახურებმა მოციქული პანღურით გააძევეს.

გაბრაზდა ფიცხელა და თავადს თვითონ ეწვია.

- გირჩევ ბატონო, პატარძალი დაგვიბრუნო, - გააფრთხილა ფიცხელამ თავადი, - თორემ რაც მოდება, საკუთარ თავს დააბრალე!

ბებერი თავადი გაჯიუტდა, მსახურსა და მოურავს უბრძანა დაუპატიჟებელი სტუმრი სახლიდან გაეგდოთ. მერე შინ შებრუნდა და ტკბილეულითა და ალერსით შეეცადა წუნას მოტყუებას, მაგრამ ამაოდ.

მთელმა სოფელმა სასახლესთან მოიყარა თავი. ხალხი ბობოქრობდა, თავადს ემუქრებოდა. ვინ ორთითით, ვინ - ხმლით, ვინ კიდევ კეტებით შეიარაღებულიყო და სასახლეზე მიიწევდა.

შეშინებულმა მსახურმა დაიყვირა:

- არიქა, ბატონო, თავს უშველე, მთელი სოფელი ჩვენზე სამტროდ ამხედრებულა!

- წუნა დამალეთ, ბიჭებს დამიძახეთ! - დაიღრიალა თავადმა.

სად იყო და სად არა - წრუწუნა და ფიცხელა თავიანთი რაზმით სასახლეში შეიჭრნენ.

გაჩაღდა ხელჩართული ბრძოლა.

თაგვებმა ბოროტი თავადის სასახლე დაარბიეს, პატარძალი წუნა ტყვეობიდან იხსნეს და სიმღერით წამოიყვანეს.

თავადი და მისი მსახურები კი სამაგალითოდ დასაჯეს.

მოდიოდა სოფლისკენ ბედნიერი ნეფე-პატარძალი, უკან გამარჯვებული მაყრიონი მოჰყვებოდა.

თაგვებმა ჩინებული ქორწილი გადაიხადეს, მათი მხიარულება ცას სწვდებოდა.

Wednesday, January 13, 2010

კომბლე

იყო და არა იყო რა, იყო ერთი კომბლე, ჰყავდა სამი ცხვარი. ერთხელ ცხვრები ტყეში აკრიფა, თვითონ თავი გაანება, დაჯდა და კომბლებს დაუწყო კეთება.

კაცებმა ჰკითხეს:

კომბლე, რა სულ კომბლებს აკეთებო?

კომბლემ უპასუხა:

მე ეს ხელობა ვიცი და ამან უნდა მაცხოვროსო.

გააკეთა კომბლები და ადგა, გაიდო ერთი დიდი კომბალი მხარზე და წავიდა ცხვრების საძაბნელად. მიადგა ერთი მგლის სოროს და დაუძახა.

შენ შეჭამე ჩემი ცხვრებიო?

არაო, - უპასუხა მგელმა.

აბა პირი დააღე, კბილებში დაგრჩენია ხორციო.

მგელმა უთხრა:

ოღონდ ნუ მომკლავ და ბედსა გწევო.

რა ბედსა? - ჰკითხა კომბლემ.

აგე, აქ მეცხვარეებს ბევრი ცხვარი ჰყავთ, იმ ცხვრებში ერთი ოქროს ბატკანი ურევია, იმ ოქროს ბატკანს მე მოვიტაცებ და სულ ყველანი მე ამედევნებიან, შენ მოუარე და ცხვრები გარეკეო, უთხრა მგელმა.

მგელი წავიდა და მოიტაცა ოქროს ბატკანი. მართლაც სულ ყველა მწყემსი იმას დაედევნა. მოუარა კომბლემ ცხვრებს და გარეკა.

კომბლეს გზაზე კაცები შემოხვდნენ და ჰკითხეს:

კომბლე, შენ სამი ცხვარი გყავდა, აგრე როგორ გაამრავლე ერთ თვეშიო?

კომბლემ უპასუხა:

ტყეში გავუშვი და გამრავლებულანო.

იმათაც იყიდეს სამი ცხვარი, გაანებეს ტყეში თავი და წამოვიდნენ შინ. ერთი თვის შემდეგ წავიდნენ საძებნელად, ცხვრები უნდა ეპოვნათ, მაგრამ ცხვრები მგელს შეექამა.

წამოვიდნენ შინ და თქვეს:

რა ვუყოთ კომბლესაო?

სახლი დავუწვათო.

დაუწვეს სახლი.

კომბლემ გაანელა ცეცხლი და აიღოერთი საცალო ნახშირი, დაახურდავა სამი მანეთი და თავზე გადააშალა ნახშირს. მოუკრა პირი, აიკიდა საცალო და წაიღო. მივიდა ერთ სალაროსთან და უთხრა ყარაულს:

ამაღამ აქ დამაყენეთ და ეს საცალოც შემინახეთო.

დადექიო, - უთხრა ყარაულმა.

იმ ღამეს იქ იყო. გათენდა დილა და ეუბნება კომბლე სალაროს ყარაულს:

ჩემი საცალო მომეცითო!

მოუტანეს საცალო, კომბლემ გახსნა და ნახა, შემდეგ შარი მოუდო:

მე საცალო ფულით სავსე მქონდა, თქვენ კი ნახშირი ჩაგიყრიათ და ზევიდან თეთრი ფული გადაგიშლიათო; თუ მომცემთ, მომეცით, თუ არა და წავალ ხლმწიფესთან და გიჩივლებთო.

ოღონდ ნუ გვიჩივლებ ხელმწიფესთან და საცალოს ფულით აგივსებთ და გაგატანთო, - უთხრეს ყარაულებმა.

აუვსეს საცალო ფულით და გაატანეს.

კომბლემ მოიტანა შინ ფული.

კაცებმა ჰკითხეს:

კომბლე, შენ ნახშირი წაიღე და ფული როგორ მოიტანეო.

სახლი დავწვი, ნახშირი გავაქრე, წავიღე და ფულზე გავცვალეო.

დაწვეს თავიანთი სახლები იმათაც, აიღეს ნახშირი, ჩაყარეს საცალოებში, დაჰქონდათ სოფელში და იძახდნენ:

ნახშირი ფულზედაო!

ნახშირზე ფულს ვინ გაუცვლიდა და რაკი არავინ გაუცვალა, წამოვიდნენ შინ და თქვეს:

რა ვუყოთ კომბლედაო?

ცოლი მოვუკლათო.

მოუკლეს ცოლი.

კომბლემ წამოიღო თავისი მკვდარი ცოლი და მივიდა ერთ კაცთან. ამ კაცსჰყავდა სამი ქალი, ძალიან კარგები.

კომბლემ უთხრა:

ამაღამ აქ დამაყენეო!

დადექიო!

თავისი მკვდარი ცოლი იქით მიაყუდა და თვითონ მივიდა.

იქ ვინღა დადგაო? - ჰკითხეს.

ჩემი ცოლია, ჭკვიანია, რცხვენია და იქ დადგაო. წადით, ხელი მოსჭიდეთ და წამოიყვანეთო.

წავიდა ერთი ქალი, ხელი მოსჭიდა – და მკვდარი დადაიქცა. ქალი მამასთან მივიდა და უთხრა:

ხელი მოვსჭიდე, გადაიქცა და მოკვდაო.

წამოხტა კომბლე და დაიწყო ყვირილი.

ჩემი ცოლი ცოცხალი იყო, რად მომიკალით; თუ მომცემთ, მომეცით ერთ-ერთი ქალი, თუ არა და წავალ ხლმწიფესთან და გიჩივლებთო.

ოღონდ ნუ გვიჩივლებ ხელმწიფესთან და აი ამ სამ ქლს დავამწკრივებ და რომელიც გინდა წაიყვანეო.

დამწკრივდნენ სამთავე ქალები და კომბლეს რომელიც მოეწონა, აიყვანა და წაიყვანა.

შინ რომ მიიყვანა ქალი, ჰკითხეს:

კომბლე, შენ მკვდარი ქალი წაიღე და ცოცხალი ვინ მოგცაო?

მკვდარს ცოცხალზე ცვლიანო, - უპასუხა კომბლემ.

იმათაც დახოცეს თავიანთი ცოლები, წაიღეს სოფლებში და იძახიან:

მკვდარი ცოცხალზედაო.

მკვდარზე ცოცხალი მათ არავინ არ გაუცვალა, წამოვიდნენ შინ და თქვეს

რა ვუყოთ კობლესაო?

მოვკლათო.

წამოვიდნენ, კომბლე უნდა მოეკლათ. კომბლემ უთხრა:

ოღონდ ახლა ნუ მომკლავთ და მე თვითონ მოგაკვლევინებთ ჩემ თავსაო.

წავიდა კომბლე მინდორში, გაჭრა ამი თხრილი, მერე წამოიყვანა ორი კაცი და თან ხმლები წამოაღებინა. შუა თხრილში კომბლე დადგა, იქით-აქეთ კი ის კაცები დააყენა, ხმლები დააჭერინა და უთხრა:

როცა დავიყვირო, მაშინ შემომკარით ხმლებიო.

უცებ დაიყვირა და თვითონ თხრილში ჩახტა.

მათი ხმლები ერთმანეთს მოხვდა და ორივენი დაიხოცნენ, კომბლე კი მშვიდობით გადარჩა.

Saturday, January 9, 2010

რწყილი და ჭიანჭველა

რწყილი და ჭიანჭველა დაძმობილდნენ, წავიდნენ გზასა. მიადგნენ ერთ რუს. რწყილმა უთხრა ჭიანჭველას:

- მე გადავხტები და შენ რაღა გეშველებაო?

- განა მე კი ვერ გადავხტებიო?! - უთხრა ჭიანჭველამ.

რწუილმა ისკუპა - გადახტა; ჭიანჭველამ ისკუპა - წყალში ჩავარდა. შეეხვეწა რწყილს:

- ძმობილო, მიშველე რამე, ნუ დამახრჩობ!

რწყილი ახტა, დახტა, მივიდა ღორთან და სთხოვა:

- ღორო მომე ჯაგარი,

დავგრეხ თოკსა - ბაწარსა,

ჩავუგდებ და ამოვიყვან

ჩემს ძმობილს ჭიანჭველასა.

ღორმა უთხრა:

- შენ რომ ჩემთვის რკო არ მოგიტანიაო!

რწყილი ახტა, დახტა, მივიდა მუხასთან და სთხოვა:

- მუხავ მომე რკო,

რკოს მივუტან ღორსა,

ღორი მომცემს ჯაგარსა,

დავგრეხ თოკსა - ბაწარსა,

ჩავუგდებ და ამოვიყვან

ჩემს ძმობილს ჭიანჭველასა.

მუხამ უთხრა:

- შენ რომ ჩემთვის ყვავი არ მოგიშორებიაო!

რწყილი ახტა, დახტა, მივიდა ყვავთან და სთხოვა:

- ყვავო, ეხსენ მუხასა,

მუხა მომცემს რკოსა,

რკოს მივუტან ღორსა,

ღორი მომცემს ჯაგარსა,

დავგრეხ თოკსა - ბაწარსა,

ჩავუგდებ და ამოვიყვან

ჩემს ძმობილს ჭიანჭველასა.

ყვავმა უთხრა:

- შენ რომ ჩემთვის წიწილა არ მოგიყვანიაო!

რწყილი ახტა, დახტა, მივიდა კრუხთან და სთხოვა:

- კრუხო მომე წიწილი,

წიწილს მივგვრი ყვავსა,

ყვავი დასთმობს მუხასა,

მუხა მომცემს რკოსა,

რკოს მივუტან ღორსა,

ღორი მომცემს ჯაგარსა,

დავგრეხ თოკსა - ბაწარსა,

ჩავუგდებ და ამოვიყვან

ჩემს ძმობილს ჭიანჭველასა.

კრუხმა უთხრა:

- შენ რომ ჩემთვის ფეტვი არ მოგიტანიაო!

რწყილი ახტა, დახტა, მივიდა ორმოსთან და სთხოვა:

- ორმოვ, მომე ფეტვი,

ფეტვს მივუტან კრუხსა,

კრუხი მომცემს წიწილსა,

წიწილს მივგვრი ყვავსა,

ყვავი დასთმობს მუხასა,

მუხა მომცემს რკოსა,

რკოს მივუტან ღორსა,

კრუხი მომცემს წიწილსა,

ღორი მომცემს ჯაგარსა,

დავგრეხ თოკსა - ბაწარსა,

ჩავუგდებ და ამოვიყვან

ჩემს ძმობილს ჭიანჭველასა.

ორმომ უთხრა:

- შენ რომ ჩემთვის თაგვი არ მოგიორებიაო!

რწყილი ახტა, დახტა, მივიდა თაგვთან და სთხოვა:

- თაგვო, ეხსენ ორმოსა,

ორმო მომცემს ფეტვსა,

ფეტვს მივუტან კრუხსა,

კრუხი მომცემს წიწილსა,

წიწილს მივგვრი ყვავსა,

ყვავი დასთმობს მუხასა,

მუხა მომცემს რკოსა,

რკოს მივუტან ღორსა,

კრუხი მომცემს წიწილსა,

ღორი მომცემს ჯაგარსა,

დავგრეხ თოკსა - ბაწარსა,

ჩავუგდებ და ამოვიყვან

ჩემს ძმობილს ჭიანჭველასა.

თაგვმა უთხრა:

- შენ რომ ჩემთვის კატა არ მოგიშორებიაო!

რწყილი ახტა, დახტა, მივიდა კატასთან და სთხოვა:

- კატავ ეხსენ თაგვსა,

თაგვი დასთმობს ორმოსა,

ორმო მომცემს ფეტვსა,

ფეტვს მივუტან კრუხსა,

კრუხი მომცემს წიწილსა,

წიწილს მივგვრი ყვავსა,

ყვავი დასთმობს მუხასა,

მუხა მომცემს რკოსა,

რკოს მივუტან ღორსა,

კრუხი მომცემს წიწილსა,

ღორი მომცემს ჯაგარსა,

დავგრეხ თოკსა - ბაწარსა,

ჩავუგდებ და ამოვიყვან

ჩემს ძმობილს ჭიანჭველასა.

კატამ უთხრა:

- შენ რომ ჩემთვის რძე არ მოგიტანიაო!

რწყილი ახტა, დახტა, მივიდა ძროხასთან და სთხოვა:

- ძროხავ, მომე რძე,

რძეს მივუტან კატასა,

კატა დასთმობს თაგვსა,

თაგვი დასთმობს ორმოსა,

ორმო მომცემს ფეტვსა,

ფეტვს მივუტან კრუხსა,

კრუხი მომცემს წიწილსა,

წიწილს მივგვრი ყვავსა,

ყვავი დასთმობს მუხასა,

მუხა მომცემს რკოსა,

რკოს მივუტან ღორსა,

კრუხი მომცემს წიწილსა,

ღორი მომცემს ჯაგარსა,

დავგრეხ თოკსა - ბაწარსა,

ჩავუგდებ და ამოვიყვან

ჩემს ძმობილს ჭიანჭველასა.

ძროხამ უთხრა:

- შენ რომ ჩემთვის ბალახი არ მოგიტანიაო!

რწყილი წავიდა, დაგლიჯა მინდორში ბალახი და ძროხას მიუტანა.

ძროხამ მისცა რძე, ძრე მიუტანა კატასა, კატა დაეხსნა თაგვსა: თაგვი მოშორდა ორმოსა, ორმომ მისცა ფეტვი, ფეტვი მიუტანა კრუხსა, კრუხმა მისცა წიწილა, წიწილი მიჰგვარა ყვავსა, ყვავი დაეხსნა მუხასა, მუხამ მისცა რკო, რკო მიუტანა ღორსა, ღორმა ჯაგარი უთავაზა, რწყილმა ჯაგრის ბაწსრი დაგრიხა და ჩაუგდო წყალში ჭიანჭველას, რომელიც ბალახს მოსჭიდებოდა. ჭიანჭველა ბაწარზე შეჯდა, რწყილმა ბაწარი გამოსწია, ჭიანჭველა ნაპირს ფამოიყვანა და სიკვდილს გადაარჩინა.

მერე ისევ ძმურად გაუდგნენ გზასა